ავტორი: ანა ილურიძე

რას ნიშნავს სიღარიბე

ადამიანები სიღარიბეს სხვადასხვანაირად განიცდიან და ეს შეიძლება ნიშნავდეს სუფთა წყალზე, ელექტროობაზე და საჭმელზე მიუწვდომლობას, საბაზისო განათლების, ჯანდაცვის სერვისების არ ქონას. სიღარიბე არ ნიშნავს მხოლოდ მატერიალური შემოსავლის არ ქონას (fukuda-parr, 1999), ის მრავალშრიანი მოვლენაა, რომელიც ძირითადად მოიცავს ჯანდაცვის, განათლებისა და მინიმალურ საცხოვრებელ პირობებზე მისაწვდომობის არქონას.   სიღარიბის ინდიკატორებია ქვეყანაში მშიერი ადამიანების რაოდენობა, დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, სასკოლო განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების რაოდენობა, საჭმლის მოსამზადებელი პირობების არქონა და ა.შ.

სწორედ ამიტომ, სოციალური პროგრამები, რომლებიც წერტილოვანია (200 ლარიანი ერთჯერადი ფულადი დახმარება პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად, მაგალითად) და კომპლექსურად არ ებრძვის სიღარიბეს, მასთან ყოველთვის მარცხდება.

რას ნიშნავს ქალების სიღარიბე

ქალების სიღარიბე, ანუ “სიღარიბის ფემინიზაცია” ნიშნავს იმას, რომ 1. ქალები ღარიბი მოსახლეობის უმეტესობას წარმოადგენენ მსოფლიოში, 2. ეს ტენდენცია მზარდია, ანუ, ქალები უფრო და უფრო ღარიბები ხდებიან და 3. მარტოხელა ქალების ოჯახები  (female headed households) ღარიბ ოჯახებს შორის ყველაზე ღარიბები არიან და სიღარიბის ციკლი ასევე გადაეცემათ მათ ბავშვებს, და 4. ქალებს უფრო უჭირთ სიღარიბიდან თავის დაღწევა, ვიდრე კაცებს, რადგან ხშირად, გენდერული უთანასწორობის გამო არ არიან იმ პოზიციაში, რომ მიიღონ გადაწყვეტილბები, რომლებიც ძირეულად შეცვლიდა მათ ცხოვრებას – მაგალითად, დაიწყონ მუშაობა, ან მიიღონ განათლება. (asgary and pagán (2004), baden (1999); graham (1996) chant (1997,2003, 2006); asian development bank (2003); razavi (1999).

საქართველოსთვის სიღრიბე პრობლემაა. მიუხედავად, ეკონომიკური ზრდისა, უკიდურესი სიღარიბის დონემ მხოლოდ მცირედით  დაიკლო (2010 წელს ის შეადგენდა 9.7 პროცენტს,  2011 წელს კი 9.2 პროცენტს). სიღარიბის დონე კი გაიზარდა 2010 წელს არსებული 22.7-დან 23 პროცენტამდე (undp, 2011).

თუმცა, ამ ქვეყანაში, სიღარიბის ფემინიზაცია დათვლილი არაა. შესაბამისად, არც შესწავლილია და ამ საკითხის შესწავლის გარეშე, რომელიმე არსებული ან მომავალში განხორციელებული სოციალური პოლიტიკა არ შეიძლება იყოს ამ კომპლექსური, სტრუქტურული პრობლემის დაძლევისკენ მიმართული. მიუხედავად იმისა, რომ, აღიარებულია – გენდერული უთანასწორობის და ქალთა სიღარიბის დაძლევის გარეშე ქვეყანა ამ პრობლემას ვერ გაუმკლავდება (beijing declaration and platform for action, 1995).

როგორ იყენებენ პოლიტიკოსები სიღარიბეს

მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბე ქართველი პოლიტიკოსების “საყვარელი” თემაა, ის, ძირითადად, პოლიტიკურ ინსტრუმენტად არის გამოყენებული და მისდამი მიმართული რაიმე კომპლექსური სტრატეგია ქვეყანას არ აქვს. რა უნდა იყოს იმაზე სევდიანი, რომ წინასაარჩევნოდ, მმართველი გუნდი სიღარიბეს “ობიექტურ რეალობას” უწოდებს, რომელიც წინა ხელისუფლებისგან “მემკვიდრეობით ერგო”, ხოლო ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია “გვაშინებს”, რომ თუ მმართველ გუნდს არ შევცვლით, ყველა მოქალაქეს უკიდურესი სიღარიბე ელოდება. ეს მოსაზრება არაფერზე არ დგას, მას არანაირი თვლადი, სტატისტიკა ან მისგან თავის დაღწევის გეგმა არ ახლავს ისევე, როგორც, პარტიების უმრავლესობის მიერ ტრაფარეტულად განცხადებულ პოსტულატს, რომ თურმე “სიღარიბე ქვეყნის მთავარი პრობლემაა” (მერე?).  ერთადერთი პარტია, რომელიც ქალთა სიღარიბის დასრულებაზე საუბრობს, ‘ლელოა’, თუმცა, აქაც, ამ საკითხზე არასოდეს საუბრობენ პარტიის (კაცი) ლიდერები და ეს საკითხი ქალთა მოძრაობის პრეროგატივად არის ქცეული, რაც აჩენს განცდას, რომ ეს საკითხი მხოლოდ ქალთა გაძლიერებისთვისაა მნიშვნელოვანი და არა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.

რაზე ვლაპარაკობთ როცა სიღარიბეზე ვლაპარაკობთ ხოლმე:

აუნაზღაურებელი შრომის ტვირთი

ქალები, როგორც წესი, მუშაობენ როგორც ანაზღაურებად, ისე აუნაზღაურებელ სამუშაოზე და მათი დრო, თითქმის მთლიანად არის დაკავებული არა საკუთარი სურვილით წარმართული საქმიანობებით, არამედი, ანაზღაურებადი სამსახურის შემთხვევაში – დამსაქმბელის, ხოლო აუნაზღაურებელი საქმიანობის შემთხვევაში – საკუთარი და ოჯახის სხვა წევრების საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით.

აუნაზღაურებელი სამუშაო, იგივე ემოციური შრომა ან ზრუნვის შრომა, არის შრომა, რომელსაც უმეტესწილად ქალები გასწევენ ბავშვის მოვლის, აღზრდის, ოჯახის წევრების გამოკვების, მათ ჰიგიენაზე ზრუნვის მიზნით. სამწუხაროდ, ეს სამუშაო არ ითარგმნება ქალების კეთილდღეობასა და დამოუკიდებლობაში, პირიქით, ზრდის მათ მოწყვლადობას. მეტიც, იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ზრუნვის შრომის მატერიალიზება ხდება (ძიძები, საოჯახო საქმეებში დამხმარეები, დამლაგებლები, მასწავლებლები, მომვლელები, და ა.შ.), ზრუნვის ეკონომიკაში დასაქმებული პირები (უმეტესწილად ქალები) ერთ-ერთყველაზე დაბალანაზღაურებად კატეგორიას წარმოადგენენ.

დროითი სიღარიბე

ორ სრულ განაკვეთზე მუშაობა ქალებს ფაქტობრივად არ უტოვებს სწავლის, შემდგომი განვითარებისა და დასვენების დროს, რაც, ხშირად, ქალის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება და ხელს უშლის სიღარიბის ჩაკეტილი წრიდან  გამოსვლას (kabeer, 2003). დროითი სიღარიბის გამო ქალებს ნაკლები შესაძლებლობა აქვს იპოვნონ  და მიჰყვნენ საკუთარ გატაცებებს ან სასურველ პროფესიებს, რადგან, მათ არ აქვთ ძიების დრო და ფუფუნება, რაც ხშირად სწავლასთან და  პრაქტიკასთან არის დაკავშირებული.

ამ პრაქტიკასთან კავშირშია ისიც, რომ ქალები საქართველოში ეკონომიკურად ნაკლებად აქტიური ჯგუფია (კაცებთან შედარებით).  გენდერული ეკონომიკური არააქტიურობის სხვაობა 14-16 პროცენტს შეადგენს და ყველა ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება (un women, 2020).

მემკვდრეობის გენდერული ასპექტები

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სამემკვიდრეო სამართალი ქალებს კაცებთან მიმართებაში დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არ აყენებს, ქვეყანაში არსებული სამემკვიდრეო პრაქტიკებით უპირატესობა, მემკვიდრეობის გადაცემისას, კაცებს ენიჭებათ. აღნიშნული მარტივად დასტურდება საქსტატის 2018 წლის კვლევით, რომლის მიხედვითაც,საცხოვრისის მემკვიდრეობით ან საჩუქრად გადაცემის ფორმების შემთხვევაში მამაკაცების უპირატესობა ვლინდება. მარტივად რომ ვთქვათ, კვლევის მიხედვით, კაცების ნახევარზე მეტს (61.5%) ქვეყანაში საცხოვრისი ან მემკვიდრეობის ან ჩუქების გზით ერგო, მაშინ, როდესაც ეს ბედი ქალების მხოლოდ მეოთხედმა გაიზიარა (26.4%).

გენდერული სახელფასო სხვაობა

ქალების სიღარიბის ერთ-ერთი მიზეზი გენდერული სახელფასო სხვაობაა, რაც ქალებისა და კაცების მიერ გაწეულ, ერთსა და იმავე სამუშაოს ანაზაურებას შორის არსებული განსხვავებას გულისხმობს. გაეროს ქალთა ორგანიზაციის 2020 წლის კვლევის მიხედვით, ქალებისა და კაცების თვიურ ანაზღაურებას შორის სხვაობა 37 პროცენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ საშუალოდ კაცის ანაზღაურება თვეში 1000 ლარს შეადგენს, ქალის საშუალო ხელფასი 630 ლარია.

ამავე კვლევის მიხედვით, ხელფასებს შორის სხვაობა ბევრი ფაქტორით შეიძლება აიხსნას, მაგალითად, იმითაც, რომ, ანაზღაურებად სამსახურში ქართველი ქალები უფრო ცოტას მუშაობენ და ეს განსხვავება დაახლოებით 17.9 პროცენტია (un women, 2020). თუმცა, ის ფაქტი, რომ ქალები ანაზღაურებად სამუშაოს განსაზღვრულ საათებზე მეტს ვერ უთმობენ, ზრუნვის შრომასა და აუნაზღაურებელ სამუშოს შესრულებაზე მათი პასუხისმგებლობით შეიძლება აიხსნას. თუმცა, ამავე კვლევით, აღიარებულია, რომ არსებობს “სუფთა” სახელფასო სხვაობაც (12%), რომელიც არანაირი მახასიათებლით არ აიხსნება და უბრალოდ, შრომის ბაზარზე არსებულ დისკრიმინაციას შეგვიძლია მივაწეროთ.

ვერტიკალური სეგრეგაცია

ვერტიკალური სეგრეგაცია გულისხმობს, გამო ქალები უფრო მეტად არიან დასაქმებული დაბალანაზღაურებად სფეროებში, კაცებთან შედარებით. ქალებითაა გაჯერებული სერვისის სფერო, განათლებისა და ჯანდაცვის დაბალი რგოლები და სხვა ანაზღაურებად ზრუნვის შრომასთან დაკავშირებული ისეთი პროფესიები (მაგალითად ძიძები, მომვლელები, დამლაგებლები), რომლებიც მეტად მოწყვლადია, რომ მათი უმეტესობა კოვიდ-19 ით გამოწვეული პანდემიის დროს, სახელმწიფოს კრიზისული ეკონომიკური პოლიტიკის მიღმა დარჩა.

ქალების საჭიროებების უგულებელყოფა სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკაში

სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში ქალების საჭიროებებს არ ითვალისწინებს, რაც გულისხმობს იმას, რომ არ არსებობს ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკაში ქალთა გაძლიერებისთვის ხელშემწყობი ინსენტივები, რაც, თავის მხრივ, ითარგმნება მიგრაციის ფემინიზაციის მაღალ დონეში, ქალებისა და გოგოების პროსტიტუციაში ჩართვისადმი მოწყვლადობაში და ა.შ.

მეორეს მხრივ, სახელმწიფო არ ითვალისწინებს ქალების სპეციალურ საჭიროებებს სოციალური პოლიტიკის დაგეგმვისას. მაგალითად, შრომის კოდექსის ცვლილებების შედეგადაც კი, ვერ მოვაღწიეთ ღირსეულ მშობლის შვებულებას ორსულობის, მშორბიარობისა და ბავშვის მოვლის გამო. დღეს, მხოლოდ საჯარო სამსახურში დასაქმებულ ქალებს შეუძლიათ ამ შვებულების ანაზღაურებადი სახით გამოყენება. ხოლო კერძო სფეროში დასაქმებულთა შვებულების ანაზღაურება დამსაქმებელზეა დამოკიდებული. მამის მიერ ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღება ერთის მხრივ საკანონმდებლო სირთულეებით, ხოლო მეორეს მხრივ საზოგადოებაში არსებული სტიგმით არის შეზღუდული და ქალი რეპროდუქციული მარტოობისთვის არის განწირული.

გაუთვალისწინებელია მარტოხელა და მრავალშვილიანი დედების სოციალური და ეკონომიკური საჭიროებებიც – სახელმწიფოს არ გააჩნია მათთვის გაზრდილი ზრუნვის ტვირთის შემამსუბუქებელი პოლიტიკები, რაც, ამ ჯგუფს მიკუთვნებულ ქალებს მეტ ბარიერს უჩენს სიღარიბის დაძლევის გზაზე.

არადა, ხშრიად, ასეთი სოციალური ნაბიჯების გადადგმას სულ არ სჭირდება ბიუჯეტური მხარდაჭერა –

მაგალითად, მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღების წესი შესაცვლელია, რომ ყველა ფაქტობრივმა მზრუნველმა პირმა შეძლოს ამ სტატუსის მიღება (მამამ, ბებიამ და ა.შ). და დასაგეგმია სოციალური პრივილეგიები, რომელიც ამ პირებს ზრუნვაში დაეხმარებათ – მაგალითად, ბაღებსა და სკოლებში პრიორიტეტული რეგისტრაცია – რომელზე უარიც, თავისთავად, ბიუჯეტის არქონით ვერ აიხსნება.

ადრეულ ასაკში ქორწინება და ნიშნობა

ადრეულ ასაკში ქორწინება და ნიშნობა საქართველოში გავცელებული მავნე პრაქტიკა და ქალთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა, რომლის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორი, შესაძლოა, სიღარიბეც იყოს. თავის მხრივ, ადრეულ ასაკში ქორწინება, მაღალი ალბათობით, ქალთა სიღარიბის მაპროვოცირებელი ფაქტორია. ადრეულ ასაკში ქორწინების მსხვერპლები არიან განათლებისა და განვითარებისთვის აუცილებელ სწავლებების მიღმა დარჩენის, გენდერული ძალადობის და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერვისებთან მიუწვდომლობის მომატებული რისკის ქვეშ, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ უმეტესობას არ შეუძლია საკუთარ ცხოვრებასა და განვითარებაზე გავლენის მქონე გადაწყვეტილებების მიღება.

ქალთა მიმართ ძალადობა

ქალთა მიმართ ძალადობა, ადრეულ ასაკში ქორწინების მსგავსად, თავად “საზრდოობს” ქალთა სიღარიბიდან. ქალები, რომლებიც რჩებიან ძალადობრივ ურთიერთობებში, მეტწილად, ამას, მოძალადეზე ან მის ოჯახზე ეკონომიკური დამოკიდებულებით ხსნიან. თავის მხრივ, ქალთა მიმართ ძალადობა, განსაკუთრებით კი, ეკონომიკური ძალადობა ქალების მიერ სიღარიბიდან თავის დაღწევაზე უარყოფითად მოქმედებს (world bank, 2003).

დღესდღეობით, საქართველოში არ არსებობს ძალადობის მსხვერპლთა მატერიალური კომპენსაციის პრაქტიკა (რომლის ვალდებულებაც საქართველოს აქვს და კომპენსაციის წეს 2022 წლამდე უნდა გაწეროს) და ძალადობის მსხვერპლთა ეკონომიკური რეაბილიტაციის ეფექტური მექანიზმები, მათ შორის, გრძელვადიანი საცხოვრისის პროგრამა.

კონფლიქტების არათანაბარი გავლენა ქალებსა და გოგოებზე

საქართველოში ორი კონფლიქტური რეგიონი და დაახლოებით 450 000  კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეა, რომელთა შორისაც, ქალები და გოგოებიც არიან. კონფლიქტი მათ ცხოვრებაზე სპეციფიურ და კაცებთან შედარებით, არაპროპორციულად მძიმე გავლენას ახდენს, რადგან, აღრმავებს გენდერულ უთანასწორობას (ga/shc/3698, 2002). აღნიშნულის შედეგად, ხშირად, კონფლიქტით დაზარალებულ ქალებს აღარ აქვთ მისაწვდომობა საკუთარ საცხოვრისზე, განათლების და ჯანდაცვის დაწესებულებებზე. კონფლიქტი უარყოფით და გრძელვადიან ნეგატიურ გავლენას ახდენს ქალების და გოგოების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც, რომელთან გამკლავების არანაირი მექანიზმი სახელმწიფო ჯანდაცვის სექტორს არ გააჩნია.

***

და ამ ყველაფრის მერეც კი, ხშირად, როდესაც ვსაუბრობთ ქალების განსაკუთრებულ ხელშეწყობაზე მათი ეკონომიკური გაძლიერებისათვის, სვამენ კითხვას – რაზე ვლაპარაკობთ, როცა ქალების სიღარიბეზე ვლაპარაკობთ ხოლმე?

ბიბლიოგრაფია:

asian development bank (adb) (2003) policy on gender and development (manila: adb).

chant, c. (2006). revisiting the ‘feminisation of poverty’ and the undp gender indices: what case for a gendered poverty index?

kabeer, n. (2003). gender mainstreaming in poverty eradication and the millennium development goals: a handbook for policy-makers and other stakeholders. ottawa: commonwealth secretariat, idrc and cida. an accessible and comprehensive overview of issues and analysis relating to gender equality and poverty

razavi, shahra (1999) ‘gendered poverty and well-being: introduction’, development and change, 30:3

world bank gender and development group (world bank gdg) (2003) proceedings of the workshop on gender equality and the millennium development goals, 19-23 november 2003 (washington dc: world bank, gdg)

ათასწლეულის განვითარების მიზნები საქართველოში, ეროვნული ანგარიში, 2014

გენდერული სახელფასო სხვაობა და უთანასწორობა საქართველოს შრომის ბაზარზე, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, 2020